საძიებო სისტემის შესახებ

 

საგანმანათლებლო შესაძლებლობების საძიებო სისტემის შესახებ

საძიებო სისტემა შექმნილია ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის მიერ „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. მისი მიზანია თავი მოუყაროს ერთ სივრცეში საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რათა განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ერთი მხრივ, მოიძიონ ინფორმაცია სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, მეორე მხრივ, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შედარების გზით მიიღონ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება.

საძიებო სისტემა საცდელ რეჟიმშია. ამ ეტაპზე, მასზე განთავსებულია ინფორმაცია არსებული საბაკალავრო პროგრამების შესახებ. სამომავლოდ დაგეგმილია ყველა სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის თავმოყრა და განთავსება.

საძიებო სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სასწავლო წლების მიხედვით. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იყოფა ორ კომპონენტად: ზოგადი ინფორმაცია და ერთიანი ეროვნული გამოცდები.

1.    ზოგადი ინფორმაცია  - აღნიშნული ბლოკში კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ წარმოდგენილია ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა:

 

·         სასწავლო წელი - გვიჩვენებს, რომელი წლით თარიღდება წარმოდგენილი ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ;

·         პროგრამის დასახელება - წარმოდგენილია საგანმანათლებლო პროგრამის სრული დასახელება;

·         პროგრამისა და ფაკულტეტის კოდები - აღნიშნული კოდები აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას ეხმარება;

·         ფაკულტეტის დასახელება - ინფორმაცია გვიჩვენებს, უნივერსიტეტის რომელ ფაკულტეტზეა წარმოდგენილი აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა;

·         დარგი/სპეციალობა - აღნიშნული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომელ დარგს/სპეციალობას წარმოდგენს საგანმანათლებლო პროგრამა;

·         მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აღნიშნული კომპონენტი გვიჩვენებს, რა ტიპის დიპლომს გასცემს საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებზე;

·         პროგრამის განხორციელების ადგილი - ქალაქი, დაბა, სოფელი, სადაც მდებარეობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება;

·         აკრედიტაცია - გვიჩვენებს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა. თუ პროგრამა არ არის აკრედიტებული -  (1) გაცემულ დიპლომს არ აღიარებს სახელმწიფო და (2) სახელმწიფო ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს არ უფინანსებს სწავლის გადასახადს;

·         სწავლების ენა - ენა, რომელზეც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარეობს სწავლების პროცესი;

·         დაფინანსება - აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს აფინანსებს სახელმწიფო. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსება შეიძლება იყოს 50%, 70% ან 100%. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობა მორგებულია სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, სადაც წლიური სწავლის მაქსიმალური საფასური 2250 ლარია, შესაბამისად 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფო სტუდენტებზე გამოყოფს 2250 ლარს, 70%-იანი დაფინანსების შემთხვევაში - 1757 ლარს, ხოლო 50%-იანი დაფინანსების შემთხვევაში - 1125 ლარს. წარმოდგენილი თანხის ოდენობით აფინანსებს სახელმწიფო იმ სტუდენტებსაც, რომლებიც კერძო უნივერისტეტებში აბარებენ. თუ კერძო უნივერსიტეტის წლიური გადასახადი აღემატება 2250 ლარს, თანხის დარჩენილ ნაწილს სტუდენტს სახელმწიფო არ უფინანსებს;

·         კრედიტების რაოდენობა - საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთვის სტუდენტმა სწავლის განმავლობაში უნდა დააგროვოს კრედიტების მითითებული რაოდენობა;

·         წლიური გადასახადი - აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ყოველწლიური გადასახადის ოდენობა;

·         ადგილების რაოდენობა - განსაზღვრავს სტუდენტების რაოდენობას, რომლის მიღებაც შესაძლებელია აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

·         სწავლის ხანგრძლივობა - აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა წლებში;

·         პრიორიტეტული პროფესია - ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ დარგებსა და პროფესიებს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის გაანგარიშების საფუძველზე. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს, თუ აბიტურიენტი წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს და ჩაირიცხება აღნიშნულ პროგრამებზე;

 

2.    ერთიანი ეროვნული გამოცდები  - აღნიშნული ბლოკში წარმოდგენილია ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგი ასპექტების შესახებ:

·         საგნები, რომლებიც ბარდება აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად;

·         კოეფიციენტები თითოეული გამოცდისთვის;

·         ადგილების ქვოტა არჩევითი საგნებისთვის;

·         კომპეტენციის ზღვარი თითოეული გამოცდისთვის;

·         შეზღუდვები (მათი არსებობის შემთხვევაში);

·         პრიორიტეტები თითოეული გამოცდისთვის.

აღნიშნული კომპონენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს - www.naec.ge

 

ვიმედოვნებთ, ვებგვერდი www.myprofession.gov.ge და საძიებო სისტემა კარიერის უკეთ დაგეგმვაში დაგეხმარებათ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი